ურეთრის სტრიქტურა

ურეთრის სტრიქტურა

ურეთრის სტრიქტურა ვითარდება შარდსადენი მილის (ურეთრის) ანთებითი პროცესების ან მისი ტრავმული დაზიანების შედეგად და უმეტეს შემთხვევაში საჭიროებს ქირურგიული კორექტირებას.

ურეთრის სტრიქტურა არის შარდსადენი მილის პათოლოგიური შევიწროება, რომელიც ხშირად შარდვის დარღვევას იწვევს. ისტორიულად ეს დაავადება ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც უროლოგი აწყდება. უკანასკნელ ათწლეულში ურეთრის სტრიქტურის განვითარების სიხშირე არსებითად შემცირდა, თუმცა ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია დღესაც.

ურეთრის სტრიქტურის წარმოშობის მიზეზები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ურეთრის პათოლოგიური შევიწროვება? მიზეზთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:

  • შარდ-სასქესო ტრაქტის ესა თუ ის ინფექცია (როგორც წესი, გვხვდება შარდსადენი მილის პენილურ და ბოლქვიან ნაწილებში);
  • სხვადასხვა ტრავმები, მათ შორის ურეთრის სტრიქტურა შეიძლება განვითარდეს შორისისა და მცირე მენჯის არეში არსებული ტრავმების ფონზე (ჩვეულებრივ, გვხვდება ურეთრის შორისისა და ბოლქვიან ნაწილებში);
  • იდიოპათიური, (დაუდგენელი მიზეზით განვითარებული). გვხვდება ნებისმიერ ასაკში, შესაძლებელია, ჰქონდეს სხვადახვა ლოკალიზაცია;
  • იატროგენური, ურეთრის ტრავმული კათეტერიზაციის, ცისტოსკოპიის, პროსტატის ტრანსურთრალური რეზექციის, ჰიპოსპადიის სამკურნალოდ ჩატარებული ოპერაციის შედეგად განვითარებული.

სიმპტომები

ურეთრის სტრიქტურას შესაძლოა სხვადასხვა სიმპტომები ახლდეს თან. ამა თუ იმ სიმპტომის დომინირებული გამოხატვა კონკრეტულ პაციენტებში შეიძლება განპირობებული იყოს პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბების ხანგრძლივობის, მისი ლოკალიზაციის, და/ან შარდსადენი მილის დაზიანებული უბნის ზომაის (თუ რა სიგრძის მონაკვეთია ჩართული ამ პროცესში) სხვადასხვაობით. პაციენტები ამ პათოლოგიით ხშირად აღნიშნავენ შემდეგ ჩივილებს:

  • შარდის ნაკადის სიჩქარის შემცირება;
  • მოშარდვის აქტის შემდეგ, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება;
  • მოშარდვის აქტის დროს, შარდის ჭავლის შხეფების სახით გამოყოფა;
  • ტკივილის შეგრძნება შარდის ბუშტის დაცლის დროს;
  • შარდში სისხლის გამოჩენა.

აღნიშნული ჩივილები ასევე შესაძლოა განვითარდეს სხვა უროლოგიური პათოლოგიების (მაგალითად პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, შარდის ბუშტის დეტრუზორის ფუნქციის დარღვევის, ან ინფრავეზიკალური ობსტრუქციის) დროს, რაც ხაზს უსვამს კომპლექსური შეფასების აუცილებლობას დიაგნოზის დასმის პროცესში.

ურეთრის სტრიქტურის განვითარების რისკ-ფაქტორები

ურეთრის სტრიქტურა შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევებში. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ოპერაციული ჩარევები, უროლოგიური პათოლოგიების დროს, ჰოპოსპადია (შარდსადენი მილის განვითარების ანომალია), პროსტატის კიბო ან ჰიპერპლაზია, ოპერაციული ჩარევის ტრასნურეთრალური მეთოდები ანამნეზში;
  • ურეთრის კათეტერიზაცია;
  • შარდსადენი მილის ტრავმული დაზიანება;
  • ინფექციური პროცესები საშარდე გზებში, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

დიაგნოსტიკა

ურეთრის სტრიქტურის დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ჩივილებსა და ზოგად გასინჯვას. კლინიკური დიაგნოზის დასასმელად და დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზების გასარკვევად აუცილებელია ჩატარდეს შემდეგი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები:

  • შარდის ანალიზი - დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია, ჰემატურიის (სისხლიშარდში), დიდი რაოდენობით ბაქტერიების, ლეიკოციტებისა და სხვა,ნორმიდან გადახრის გამოვლენა;
  • შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა (ნათესი) - ავლენს ბაქტერიული კულტურის იდენტიფიცირებას, რომელიც იწვევს შარდსასქესო ტრაქტის ინფექციას;
  • უროფლოუმეტრია - სკრინინგული დიაგნოსტიკური პროცედურაა, რომელიც განსზღვრავს მოშარდვის სიჩქარეს და ასახავს შარდის ბუშტის ევაკუატორულ ფუნქციას;
  • ნარჩენი შარდის რაოდენობის განსაზღვრა - მოშარდვის აქტის შემდეგ ტარდება შარდის ბუშტის ულტაბგერითი კვლევა, რომელიც ავლენს ნარჩენი შარდის რაოდენობას;
  • რეტროგრადული ურეთროგრაფია ექსკრეტორულ ცისტოურეთრო გრაფიასთან ერთად- ურეთრა და შარდის ბუშტი ივსება კონტრასტული ნივთიერებით, რისი წყალობითაც შესაძლებელია, მივიღოთ რენტგენის სურათები შარდგამომყოფი ტრაქტის დაცობის დონის მკაფიო განსაზღვრით;
  • ცისტოსკოპია: სრულდება რბილი ოპტიკური ხელსაწყოს გამოყენებით, რომლის შიდა საშუქში მოთავსებულია ოპტიკური ბოჭკოებისა და ლინზების სისტემა. მისი მეშვეობით, ურეთრისა და შარდისბუშტის გამოსახულება მონიტორის ეკრანს გადაეცემა;
  • ულტრაბგერითი გამოკველვა ხშირად ტარდება საოპერაციოში, როგორც პაციენტის წინასაოპერაციო მომზადების შემადგენელი ნაწილი. რაც საშუალებას იძლევა ულტრაბგერითი-კონტროლით დაზუსტდეს სტრიქტურის ლოკალიზაცია და სიგრძე, ურეთრის ნაწიბუროვანი შევიწროების გამოხატულება და პერიურეთრალური ფიბროზის ხარისხი.

მკურნალობა

შარდსადენი მილის სტრიქტურის გამოვლენის შემდგომ, მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ურეთრის პათოლოგიური შევიწროების სიგრძესა და ლოკალიზაციაზე. პაციენტებს შესაძლოა ჩაუტარდეთ შემდეგი კლინიკური მანიპულიაციები:

  • ურეთრის სტრიქტურის გაგანიერება - რომელიც ხორციელდება წვრილი ღეროს გატარებით სტრიქტურის თანდათანობითი გაგანიერებისთვის, და არ იწვევს დამატებითი ნაწიბურების წარმოქმნას. თუმცა ძალიან ხშირად აუცილებელია პროცედურის არაერთგზის გამეორება;
  • მეათოტომია - შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის ქირურგიული გაკვეთა მისი მეტისმეტად შევიწროების დროს;
  • შიდა ოპტიკური ურეთროტომია - ამ პროცედურის დროს წვრილი ტელესკოპი თავსდება ურეთრაში შევიწროებული უბნის ვიზუალიზაციისთვის, და შემდეგ მიკროსკოპული სკალპელით ხდებას ტრიქტურის წარმოქმნის ადგილის გაკვეთა;
  • ურეთროპლასტიკა - მკურნალობის აღნიშნული მეთოდი ეფექტურია სხვადასხვა ზომის სტრიქტურების არსებობისას. სტრიქტურით დაზიანებული ურეთრის უბნებს ცვლიან ჯანმრთელი ქსოვილით. ორ სანტიმეტრზე მეტი სიგრძის სტრიქტურის არსებობისას შესაძლებელია აუტო ტრანსპლანტატის აღება (როგორც წესი, პაციენტის ლოყის ლორწოვანიდან ან ჩუჩის კანიდან).

წინასაოპერაციო მომზადების სახით, მნიშვნელოვანია წინასწარი ანტიბიოტიკო თერაპიის ჩატარება, შარდგამომყოფ გზებში ინფექციების გამოვლენის დროს, ან პროფილაქტიკის მიზნით. მკურნალობის მეთოდს ინდივიდუალურად არჩევს მკურნალი უროლოგი, კონკრეტული კლინიკური სიტუაციის თავისებურებიდან გამომდინარე.

გართულებები

ურეთრის სტრიქტურასა და მის მკურნალობას უკავშირდება შემდეგი, შესაძლო გართულებები:

  • შარდვის მწვავე შეკავება;
  • პროსტატიტი;
  • ეპიდიდიმო-ორქიტი;
  • პერიურეთრალური აბსცესი;
  • კენჭები (შარდის ბუშტში, ურეთრაში);
  • ჰიდრონეფროზი, თირკმლის უკმარისობის შემდგომი განვითარებით.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკის ძირითად ღონისძიებებს წარმოადგენს არახელსაყრელი ფაქტორების აღმოფხვრა, რომელიც იწვევს შარდსადენი მილის შევიწროებას ან დაზიანებას. შარდსასქესო ტრაქტის ინფექციის დაუყოვნებელი და სრულფასოვანი მკურნალობა. არასასურველი სიმპტომების გამოვლენისას ექიმ-უროლოგთან დროული მიმართვა.