პროსტატის კიბო

პროსტატის სიმსივნე

პროსტატის სიმსივნე მამაკაცებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული კიბოს ფორმაა. ამ დაავადების ფართო სპექტრი აერთიანებს პროსტატის კიბოს სიცოცხლისთვის საშიშ ფორმებს, თუმცა არსებობს სიმსივნის ფორმები რომლებიც აქტიურ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებენ და მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში შეიძლება გაკონტროლდნენ.

პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) კიბო ავთვისებიანი სიმსივნეა. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამედიცინო პრობლემას და მამაკაცთა შორის ონკოლოგიური დაავადებით გარდაცვალების მიზეზთა 9%-ს. ამ დაავადების ერთ-ერთი თავისებურება ადრეულ სტადიებზე სიმპტომების არარსებობაა.

პროსტატის კიბოს წარმოშობის მიზეზები და განვითარების რისკის ფაქტორები:

დღესდღეობით არ არსებობს ერთიანი აზრი დაავადების წარმოშობის მიზეზების შესახებ. პროსტატის კიბო წარმოიშვება წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში დნმ-ის ცვლილების შედეგად. თუმცა დადასტურებულად იმის თქმა, თუ რა ხდება ამის მიზეზი ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

  • პროსტატის კიბოს არსებობა ახლო ნათესავებში დაავადების განვითარების რისკს 2-3-ჯერ ზრდის.
  • არასწორმა კვებამ შეიძლება გაზარდოს პროსტატის კიბოს განვითარების რისკი. მამაკაცთა შორის, რომლებიც ცხიმიან საკვებს მოიხმარენ, პროსტატის კიბოს განვითარების რისკი 2-ჯერ იზრდება. სოიოს ცილები, წითელი ფერის ბოსტნეული, მწვანე ჩაი ამცირებს დაავადების განვითარების რისკს 37%-ით.
  • ასაკთან დაკავშირებული ჰორმონარული ფონის დარღვევები ასევე რისკფაქტორთა სიაში მოიაზრება.

როგორია პროსტატის კიბოს სიმპტომები?

პროსტატის კიბოს რაიმე სპეციფიური სიმპტომი საწყის სტადიებზე არ გააჩნია. ჩივილები და სიმპტომები ჰგავს პროსტატის სხვა დაავადებებს. ხშირად პროსტატის კიბო ვითარდება და მიმდინარეობს სხვა პათოლოგიებთან ერთად (ადენომა, პროსტატიტი). ზოგად სიმპტომებს რომლებიც პროსტატის პრობლემაზე მიგვითითებენ, მიეკუთნება:

  • შარდის ბუშტის არასრული დაცლა
  • გახშირებული შარდვა
  • წყვეტილი შარდვა
  • იმპერატიული (დაუყოვნებლივი მოშარდვის აუცილებლობა) სურვილები.
  • შარდის სუსტი ნაკადი
  • შარდვის გართულებული დაწყება (ჭინთვის აუცილებლობა მოშარდვის დროს)
  • ნოქტურია

ბოლო სტადიებში სისმსივნური უჯრედები სხვა ქსოვილებში და ორგანოებში ვრცელდება, ეს ნიშნავს, იმას რომ კიბომ მეტასტაზირება დაიწყო. რის შედეგადაც წარმოიქმნება შესაბამისი ორგანოების ფუნქციების დარღვევა. მაგალითად, ძვლების დაზიანება იწვევს წელისა და კიდურების ტკივილს. ზურგის ტვინში მეტასტაზირებას მოწმობს პარესთეზიისა და დამბლის წარმოშობა. მეტასტაზურ კერებს შეუძლიათ შეამცირონ შარდის პასაჟი თირკმელებიდან, რაც თირკმლის უკმარისობის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

როგორია პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკის ალგორითმი?

  • პაციენტის გასინჯვა, პროსტატის რექტალური გამოკვლევა თითით.
  • პროსტატის სპეციფიური ანტიგენის (პსა) დონის განსაზღვრა. თმცა მიუხედავად იმისა რომ ეს პსა სკრინინგის ძირითადი მეთოდია, ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს სხვა პათოლოგიების დროსაც.
  • პროსტატის ტრანსრექტალური ულტრაბგერითი გამოკვლევა - მისი მოცულობის, კონსისტენციისა და საეჭვო უბნების დასადგენად.
  • პროსტატის ბიოფსია - პროსტატის კიბოს ვერიფიკაციისათვის.
  • ძვლების სცინტიგრაფია - ძვლებში მეტასტაზების გამოსარიცხად.
  • მრტ და კტ შორეული მეტასტაზების განსაზღვრისათვის.

მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის მეთოდის შერჩევისას, აუცილებელია პროცესის სტადიის, პაციენტის ასაკის, გართულებების რისკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინება. ხშირ შემთხვევაში პაციენტს აქვს არჩევანი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს შორის, რომელთა ეფექტურობაში არსებითი განსხვავება არაა ნაჩვენები.

ქვემოთ მოყვანილია ძირითადი სამკურნალო სტრატეგიები პროსტატის კიბოს შემთხვევისას:
  • დალოდებითი ტაქტიკა (პაციენტზე აქტიური დინამიკური დაკვირვება). ხსენებულ მეთოდს უპირატესობა ეძლევა პაციენტებში, რომელთაც აქვთ მცირე მოცულობის ჰისტოლოგიურად არააგრესიული პროსტატის კიბო, განსაკუთრებით ხნიერ მამაკაცებში, თანმხლები სისტემური დაავადებებით. პაციენტი ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფება. რეგულარულად უტარდება პროსტატის სპეციფიური ანტიგენის დონის განსაზღვრა, ტარდება პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა. დრო და დრო მეორდება პროსტატის ბიოფსია, რაც საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ კიბოს შემდგომი არსებითი განვითარების არარსებობაში.
  • ქირურგიული მიდგომა - რადიკალური პროსტატექტომია (არსებობს ამ ოპერაციის ბევრი მოდიფიკაცია) რეკომენდირებულია პაციენტთა უმრავლესობისათვის მეტასტაზირების გამორიცხვის შემდეგ.
  • სხივური თერაპია – ტარდება გარეგანი დასხივებით (ეს პროცედურა რაღაცით რენტგენს მოგვაგონებს), ან რადიოაქტიური ბურთულების დახმარებით, რომლებიც პროსტატის სიმსივნით დაზიანებულ ზონებში თავსდდება (ამ მეთოდს ბრახითერაპია ეწოდება). ირღვევა გაშუქებული უჯრედების დნმ სტრუქტურა, ისინი კარგავენ აღდგენის უნარს, ბერდებიან და კვდებიან. რადიკალური პროსტატექტომიის მსგავსად, სხივური თერაპიაც გამოიყენება მხოლოდ მეტასტაზების გამორიცხვის შემთხვევაში. გარდა ამისა, გარეგანი სხივური თერაპია გამოიყენება სიმსივნის შესამცირებლად და ტკივილების შესამსუბუქებლად. ჩვენებად შეიძლება ჩაითალოს შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მეტასტაზები გვხვდება თეძოს არეში, და პაციენტი ქირურგიული მეთოდით მკურნალობას აღარ ექვემდებარება.
  • ჰორმონალური თერაპია - პროსტატის კიბო ჰორმონალურად დამოკიდებული სიმსივნეა. მამაკაცის სქესობრივი ჰორმონი - ტესტოსტერონი - ასტმულირებს პროსტატის ჯირკვლის ზრდას, ამიტომ პროსტატის სიმსივნის ზრდის შესაჩერებლად ხშირად ნიშნავენ ანტიანდროგენულ (მამაკაცის სქესობრივი ჰორმონების დამბლოკავ) თერაპიას. პროსტატის კიბოს ჰორმონალური თერაპია არის მკურნალობის პალიატიური მეთოდი რომელიც უმეტესად გამოიყენება სხვა მეთოდებით მკურნალობის შეუძლებლობის დროს. დამტკიცებულია, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება ჰორმონალური თერაპია, მით უფრო მაღალი შედეგის მიღწევა შეიძლება და ნაკლებია გართულებების რისკი. ზოგადად, ჰორმონალური თერაპია მიმართულია არა კიბოს განკურნებისკენ, არამედ ჩივილების შემცირებისაკენ და ხშირად სხივურ თერაპიასთან ერთად გამოიყენება. თუმცა ტესტოსტერონის დონის შემცირებას ხშირად მივყავართ სიმსივნის შემცირებასთან, ან მისი ზრდის შენელებასთან. ჰორმონალური თერაპიის ერთ-ერთი მეთოდია სათესლე ჯირკვლების მოკვეთა (კასტრაცია).
  • კრიოთერაპია - სიმსივნის განვითარების შეჩერება დაბალი ტემპერატურის დახმარებით. ხსენებული მეთოდის შედეგები შეიძლება სხივურ თერაპიას შევადაროთ. ყველაზე უფრო კარგი შედეგები მიიღწევა სიმსივნის მცირე მოცულობის დროს და კრიოდესტრუქციის ჰორმონალურ მკურნალობასთან ერთად.

წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის შერჩევა უნდა განხორციელდეს პაციენტის ყველა მახასიათებლისა და დაავადების თავისებურებების გულმოდგინე ანალიზის შედეგად. ხშირ შემთხვევაში წინამდებარე ჯირკვლის კიბო არ მოითხოვს დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას ან რადიაციულ მკურნალობას, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ასაკოვანი მამაკაცებისათვის. პაციენტი სრულად უნდა ერკვეოდეს მისთვის რეკომენდებული მკურნალობის ვარიანტებში, მათ უპირატესობებში და ნაკლოვანებებში, რადგან როგორც პროსტატექტომიას, ასევე სხივურ თერაპიას, არცთუ იშვიათად მივყავართ სექსუალური ფუნქციის არსებით დარღვევამდე, აგრეთვე მოშარდვის კონტროლის დაკარგვამდე (ე.ი. შარდის შეუკავებლობამდე), რისი გააზრებაც აუცილებელია მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის დაწყებამდე.